
გაბმული წუილი ყურებში… არცერთი მუდმივა არაა ისე მუდმივი და არცერთი აქსიომა იმაზე ჭეშმარიტი, ვიდრე ეს ხმა, მაშინ, როცა საკუთარ სხეულში გამომწყვდეული ტოვებ ქვეყანას. გაბმული წუილი ყურებში… გაბმული წუილი ყურებში…
-და მაინც რა გაწუხებთ, პროფესორო? – ჰკითხა მოხუც ფიზიკოსს ძველმა მოსწავლემ და წყლიანი ჭიქა აკანკალებულ დამჭკნარ ხელებში ჩაუდო.
– ჰეჰ, ჯერ პატარა ხარ, ტომ! – თითქოს ჩაიცინა მოხუცმა ფიზიკოსმა, – უამრავი სამეცნიერო ჯილდო მივიღე, შარშანწინ პლანეტის საუკეთესო ტვინად მაღიარეს, აკადემიის ყველა პროფესორი უკანალს მილოკავდა, ოღონდაც მათი ნაშრომებისთვის შემევლო თვალი… მაგრამ დავიღალე. დავიღალე, რომ ბავშვობიდან ყველა მიყენებდა: გოგოები ჩემში ხედავდნენ სათველეებიან ბიჭს, რომელიც დავალებას დაუწერდა; სტუდენტები – გზას წარმატებისკენ მიმავსლს და სახელმწიფოები – ომებში გამარჯვების საშუალებას… მომბეზრდა – ფიზიკოსმა ღრმად ამოახველა და ჭიქას დაეწაფა. ყლუპიც კი არ ჰქონდა მოსმული პირდაპირ ერთადერთ მოსწავლეს რომ შეაფურთხა, – ფუ! რა იყო, ტომ, ეს?! – წყალი ფანჯრიდან გადააქცია, ბალიშის ქვეშიდან ვისკით ნახევრად სავსე მათარა გამოაძვრინა და ნელა მოსვა, – 2018 წელი იყო, როცა პირველად ბედნიერების ალგორითმი აღმოვაჩინე – სიყვარულისა და მეცნიერების სინთეზი, – განაგრძო დამშვიდებული ხმით ფიზიკოსმა, – ეჰ, ნეტავ ოდესმე ისევ დაბრუნდებოდეს ის დრო…
-კი მაგრამ, პროფესორო, თქვენ ხომ გამოიგონეთ დროის მანქანა? რატომ არ ადგებით და უბრალოდ იმ დროში არ დაბრუნდებით?
– დავბრუნდე? ტყუილად გიტენიდი თავში დროის ხაზის უწყვეტობის და გარდაუვალობის თეორიებს, ტომი?! რა აზრი აქვს, მაინც ისევ ისე შემიყვარდება მისი მოკლედშეჭრილი თმა, წვრილი, ნაზი ხმა და პატარა ხალი კისერზე. ყოველთვის ფიზიკაში ვხედავდი ნუგეშს, მაგრამ მაინც მოერევა ამდენ ნობელის პრემიას მისი სიყვარულის დაუძლეველი სურვილი. ყველაზე დედანატირები რამაა მარტოობა, ტომი, ყველაზე დედანატირები… და მე სამყაროს უდიდესი მოაზროვნე, უდიდესი ტვინი ამდენ უტვინოში არავის ვყვარებივარ… ამას არაფერი უშველის!
– მე, მე მიყვარდით და პატივს გცემდით, პროფესორო.
– არ გეწყინოს, ტომ, მაგრამ შენ ღამით ვერ გამათბობ, – მოხუცმა პროფესორმა ჩაიცინა და ხველა აუტყდა, – ჯერ კიდევ მაშინ, როცა მუწუკებიანი თინეიჯერი ვიყავი, მინდოდა ჩემს დაკრძალვაზე ქალების ქვითინის ნაცვლად აპლოდისმენტები ყოფილიყო… მაგრამ ახლა ვხვდები, რომ არცერთი ტაში, არცერთი მლიქვნელური ბღავილი არ მიღირს ჩემს კუბოზე დაწვეთებული მისი ცრემლის ფასად, – პროფესორმა უკანასკნელი ძალები მოიკრიფა, მოსწავლეს ხელზე ხელი ძლიერად მოუჭირა და ჩახლეჩილი ხმით უთხრა: სამყარო შეიცანი, ტომ, თვალი გაახილე ნახე რა მშვენიერია ის. თოვლის ფიფქში გაყინული წყალბადისა და ჟანგბადის ნაერთი კი, არა, სასწაული დაინახე; ჩრდილოეთის ციალი ატმოსფეროში გარდატეხილ მზის სხივებად კი, არა, სასწაულად აღიქვი… და ეს, – ტუმბოს უჯრიდან ძველი წიგნაკი ამოაღებინა, – უკანასკნელი პრობლემაა, რომელიც ვერ გადავჭერი… ამოხსენი ის და სამყაროსაც გაანდე, როცა ისინი მზად იქნებიან…
