ღამდება. ღამეს მოაქვს ფიქრი სიბნელეზე, სიბნელეს-შიშზე, შიშს-სიკვდილზე, სიკვდილს კი-მარტოობაზე. მარტოობა… არაფრის ისე არ ეშინია ადამიანს, როგორც მარტო ყოფნის. მახსოვს ბავშვობაში როგორ ვიჯექით საწერ მაგიდასთან მე, აურელიანო და მიშელი. რაღაცას ვღიღინებდით ხუჭუჭა ბოქვენზე, წითელ კომბოსტოზე, ქალის გახეულ კოლგოტზე. მერე ორივე გაქრა ისე, რომ არც უარსებიათ, გონებაში კი დამიტოვეს იდეა, რომ სამყარო ილუზორულია. ყველაფერი რასაც ხედავ შენი წარმოსახვის ნაყოფია, ყველაფერი რასაც ხედავ ტყუილია!
ღმერთო, როგორ მიყვარდა. რამდენ სიგიჟეს ვაკეთებდი. სანთლებს ვანთებდი ცივი კოკა-კოლის გვერდით და ვლოცულობდი დილიდან საღამომდე. მე ცოტათი შენც მიყვარდი, ღმერთო. სიდჰარტასგან გამიგია, რომ არაფერს ეყრდნობა ადამიანი, მაგრამ შენ ხარ ჩემი საძირკველი ახლა. მე მასზე მეტად შეგიყვარებ!
“მთვარე მით უფრო ლამაზია, რაც უფრო სევდიანად უყურებ მის კრატერებსო” – ნათქვამია. ეეჰ, ულამაზესია ეს დალოცვილი. თუთაბერ, კიდევ იცი რა იყო ძალიან ლამაზი? მისი თაფლისფერი თვალები. რაღაცით შენ გგავდა კიდეც. როგორ? რას ამბობ, შე კაცო. მერე რა, რომ დაბალი იყო. ხომ იცი, როგორ მიყვარს დაბალი გოგოები?!რაღაცით ასო “ჟ”საც მაგონებდა. მის მსგავსად აცოცხლებდა ნებისმიერ ჩამკვდარ სიტყვას. მაიცა, ყმაწვილო, შენ მართლა გგონია, რომ დავივიწყე? საკმარისია ერთხელ შევხედო მის პატარა ხალს კისერზე, ხუჭუჭა თმას, გარეუბნული ხრუშოვკის პარკინგივით ყალბ ღიმილს და თავიდან შემიყვარდება.
ხოდა, ახლა დგას, როგორც ტალღის ფუნქცია. ტიპთან, როგორიც არის ჰემილტონიანი. მე კი გვერდზე ვდგავარ, როგორც დრო. ჰა-ჰა, ხანდახან ენერგიად თუ შევეშველები ხოლმე.
¡Abre la puerta tengo que limpiar el cuarto!
მე ერთდროს მეოცნებე ვიყავი… ვოცნებობდი ყველაფერ მწვანეზე და ჟღალზე, აი ისეთ ჟღალზე, როგორიც შენი თმებია.
ვარ ცნობისმოყვარე, 27 წლის მიზანთროპი. რომ ვამბობ ცნობისმოყვარეთქო, ზუსტად იმას ვგულისხმობ, რასაც ვამბობ. მომბეზრდა მარადიული ცეკვა ღმერთთან… კოსმიური სცენა, ბალეტი, ტახტრევანი, რომლის მიღმაც კამათლებიანი უცნობი იმალება. ის მიმითითებს როგორ ვიმოქმედო, როგორ შევხედო წარსულს, აწმყოსა და მომავალს. სპექტაკლი მთავრდება, ფარდა ქვემოთ იშვებს, სცენას კი სიცარიელი ჭამს. შემდეგ შეცბუმება, უაზრო სუბსტანცი
გარეუბნული გეომეტრია, აკაპიწებული შარვლის ტოტები, შალისგან მოქსოვილი პლანეტები და ეჟვანი… ახალ წელს გილოცავთ!