ვარ ცნობისმოყვარე, 27 წლის მიზანთროპი. რომ ვამბობ ცნობისმოყვარეთქო, ზუსტად იმას ვგულისხმობ, რასაც ვამბობ. მომბეზრდა მარადიული ცეკვა ღმერთთან… კოსმიური სცენა, ბალეტი, ტახტრევანი, რომლის მიღმაც კამათლებიანი უცნობი იმალება. ის მიმითითებს როგორ ვიმოქმედო, როგორ შევხედო წარსულს, აწმყოსა და მომავალს. სპექტაკლი მთავრდება, ფარდა ქვემოთ იშვებს, სცენას კი სიცარიელი ჭამს. შემდეგ შეცბუმება, უაზრო სუბსტანციებზე ფიქრი…
არასდროს მინახავს დამდგმელი, არც მის შესახებ უამბია ვინმეს, ნუთუ ისიც გონების ილუზიაა ისევე, როგორც იდეა, რომ ყველაფერი კარგად იქნება? რა შორსაა ჩემგან კოსმოსი, ვარსკვლავთა ნატიფი ელეგია.თანაც ნაპრალი ჩვენს შორის იმდენად დიდია…
ვდგავარ სამყაროს დასალიერთან გონიერებისგან განძარცვული და ვაკვირდები მზის ჩასვენებას. სპექტაკლზე ფიქრი ისევ არ მასვენებს. ვინ ქმნის უმწუხრო და უსიხარულო კომედიის ამ უაზრო სტრიქონებს?
ვგრძნობ, რომ ეს აზრებიც მტოვებენ, უჩინარდებიან დემონებისგან შექმნილ პირქუშ სამყაროში. მხოლოდ თვალთმაქცობაა სარკოლემა სულისა, ის არის ერთადერთი ლამპარი სიავის შუქჩრდილებში.
მივმართავ სულს,მოემზადოს პათეტიკური საბოტაჟისთვის! დაე ნამდვილმა გრძნობებმა მოიცვას მისი არსი, დაე ბოლოჯერ გაიბრძოლოს სურნელოვანი სიმყრალის წინააღმდეგ, დაე ეს იყოს ღვთიური მანიფესტი და დასაწყისი დასასრულისა.
მაგრამ იმედგაცრუება ისეთივე მძლავრია, გრძნობებით სავსე სამყაროში, როგორც უკანასკნელი ფეიერვერკი ახალი წლის ღამეს და ვგრძნობ… ვგრძნობ როგორ ერწყმის ფიქრი სივრცეს, როგორ აიძულებს თავისი კვალი დატოვოს თერთმეტგანზომილებიან ჰოლოგრამაში. სიმები კი იჭიმებიან, ქრებიან, კვდებიან, იბადებიან… ქრებიან! აზრები უშრეტად მოედინება ჩემი სულის ყველაზე ბნელი კუნჭულებიდან. ჩემს შესახებ ისტორიის წიგნებში წაიკითხავთ, შეიტყობთ უემოციო მსახიობზე, რომელმაც საკუთარი თავი კაცობრიობას მიუძღვნა…
უეცრად ფარდა იწევა, კულისების მტვერი გულისამრევად მიედინება ფილტვებისკენ. პუბლიკა ადგილზეა. მე კი ვაგრძელებ თამაშს, ვაგრძელებ მარადიულ ცეკვას კოსმოსში, ნაზად, უხალისოდ, უფლის წინაშე.